IBSU-ს ვიცე-რექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში სამუშაო ვიზიტით დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში, პროფ. დოქტ. თეა კბილცეცხლაშვილი პროექტი HERD-ის ფარგლებში საქართველოში არსებულ 12 უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (TUD), რომელიც პროექტის ერთ-ერთი საერთაშორისო პარტნიორია და ჩართულია კვლევითი მიმართულებების დაგეგმვისა და მენეჯმენტის უზრუნველყოფის კუთხით. HERD – ის წარმომადგენლებს მასპინძლობდა დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ევროპული პროექტების ცენტრი (EPC).
პროექტი ემსახურება ქართველი მეცნიერების ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას, მათი სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობას, ნაშრომების ხილვადობის გაზრდასა და მეცნიერების მართვაში ევროპელ პარტნიორებთან ცოდნის გაზიარებას; პროექტის ფარგლებში შეიქმნა ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ახალი სამეცნიერო პლატფორმა, VIDATUM-ი.
ვიზიტის ფარგლებში, HERD – ის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ უნივერსიტეტთაშორისი თანამშრომლობის პრაქტიკებსა და გამოცდილებებს სამეცნიერო კვლევითი მიმართულებების მართვის თვალსაზრისით. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ჰერდ-ის პროექტის შედეგების მდგრადობის შენარჩუნებისა და ერთიანი ნაციონალური სამეცნიერო პორტალის უნიფიცირებაზე მიმართული აქტივობები.