„ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფ. დალი ოსეფაშვილმა პოლონური კვლევითი ცენტრის სტიპენდია მიიღო.
„ერთი თვე პოლონეთში“ – ასე ჰქვია მიეროჟევსკის სამეცნიერო ფონდის კვლევითი მობილობის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც დალი ოსეფაშვილი მუშაობს ინტერდისციპლინურ კვლევით პროექტზე: „პოლონელი მხატვრების შემოქმედება ქართულ ბეჭდურ მედიაში (XXს. 10-20-იანი წლები)“.
ვარშავისა და კრაკოვის უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებსა და ეროვნულ მუზეუმებში დალი ოსეფაშვილი იკვლევს იმ პოლონელ მხატვრებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ XX-ს დასაწყისში და ქართულ მედიაში აქვეყნებდნენ გრაფიკებს, კარიკატურებს, პორტრეტებსა თუ რეპორტაჟულ ნახატებს.
იმ პერიოდის ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ძალიან მწირია გაფორმება და შესაბამისად, პოლონელი მხატვრების ილუსტრაციები და გრაფიკული
ნახატები, საყურადღებოა ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით.


