ნისან იოსებაშვილი კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის მაგისტრატურის სტუდენტი მონაწილეობს HTW Dresden-ის Erasmus+გაცვლით პროგრამაში
“გამარჯობა, მე ვარ ნისან იოსებაშვილი, IBSU-ს კომპიუტერულ მეცნიერებათა პროგრამის მეორე კურსის მაგისტრანტი. ბაკალავრის ხარისხი მივიღე დიდ ბრიტანეთში, სამეფო ჰოლოვეის უნივერსიტეტში, სადაც სამი მშვენიერი წელი გავატარე. მივიღე უდიდესი გამოცდილება კომპიუტერულ მეცნიერებათა სხვადასხვა დარგში. საზღვარგარეთ სამწლიანი ცხოვრების შემდეგ მინდოდა სწავლა საქართველოში გამეგრძელებინა და პარალელურად, ჩემი ცოდნით დავხმარებოდი ჩემი ოჯახის ბიზნესს. შევქმენი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს კომპანიაში ზედნადებების შემოწმებას და აკეთებს კომპანიის თითოეული დისტრიბუტორის მუშაობის სტატისტიკას. ეს დაგვეხმარა დისტრიბუტორების საქმიანობის ანალიზში.
სამუშაოსა და სწავლის შეთავსება არ იყო ადვილი. უნივერსიტეტის ლექტორები ყოველთვის მხარს უჭერდნენ ჩემი და სხვა სტუდენტების სწავლის ძლიერ სურვილს. გამოვყოფდი პროფესორ მიხაილ მალაფიევსკის, რომელიც გვასწავლიდა რამდენიმე საგანს და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ უზარმაზარი ცოდნა მოეცა ჩვენთვის.
რატომ გადავწყვიტე IBSU? იმიტომ, რომ მხოლოდ აქ იყო CompSci-ის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა და თავად უნივერსიტეტს ჰქონდა მაღალი რეიტინგი.
ოქტომბერში მივდივარ დრეზდენში, სადაც გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (HTW) ერთ სემესტრს ვისწავლი. რამდენიმე თვის წინ IBSU-ში ჩვენი პროგრამის თანახელმძღვანელმა მარი რაზმაძემ დამირეკა და მითხრა, რომ დრეზდენის უნივერსიტეტი 4 თვით მაგისტრატურაში ჩემს სწავლას დააფინანსებდა და გერმანიაში უნდა წავსულიყავი. ძალიან გამიხარდა, რომ IBSU– მ მე ამირჩია. უკვე ვესაუბრე პროფესორ მარიო ნეიგებაუერს, რომელიც დრეზდენის უნივერსიტეტის პროფესორია და ჩემი კურატორი იქნება. მივხვდი, რომ ამ ადამიანს აქვს დიდი გამოცდილება სამრეწველო პროექტებსა და პროგრამებში. უკვე გამიზიარა თავისი გამოცდილება ერთ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით.
ველოდები, რომ ეს გაცვლითი პროგრამა მომცემს საკმარის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რასაც წარმატებით გამოვიყენებ ჩემს მომავალ პროექტებში”.