მარი ლომუაშვილმა მონაწილეობა მიიღო კოზმინსკის უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში
მოგესალმებით, მე ვარ მარი ლომუაშვილი, იბსუ-ს სამართლის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი.
იბსუს მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების და საერთაშორისო პროექტების შესახებ უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ვფლობდი ინფორმაციას, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საერთაშორისო გამოცდილება იურიდიული პროფესიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
II კურსის ბოლოს, იბსუს სამართლის ფაკულტეტმა მე, როგორც მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს, მომცა შესაძლებლობა რამდენიმე კვირით მონაწილეობა მიმეღო პოლონეთის კოზმინსკის უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში და გამევლო ევროკავშირის სადაზღვეო სამართლის კურსი, რომელიც ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენს და სამომავლოდ საკუთარი თავის ამ მიმართულებით განვითარებასაც ვგეგმავ.
საზაფხულო სკოლიდან მიღებული გამოცდილება უდიდესია, შთაბეჭდილებები კი დაუვიწყარი. გარდა იმისა, რომ შევიძინე უამრავი უცხოელი მეგობარი და კიდევ უფრო დავხვეწე ზოგადი და პროფესიული ინგლისური, სკოლამ შემმატა თავდაჯერება და მომცა სტიმული, რომ ჩავერთო კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო პროექტში.
მახსენდება, კოზმინსკის საზაფხულო სკოლის ფარგლებში განხორციელებული პირველი იმიტირებული სასამართლო პროცესი და ჩემი ნერვიულობა, თუ როგორ შევძლებდით ქართველი მოპასუხე მხარე იტალიელ მოსარჩელეებთან დაპირისპირებას და მათთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის გაბათილებას. მიხარია, რომ ქართველებისგან დაკომპლექტებული გუნდი ღირსეულად წარვსდექით სასამართლოს წინაშე და ძლიერი ოპონირება გავუწიეთ.
მახსოვს, ლექციები ყოველთვის ინტეგრირებულ რეჟიმში მიმდინარეობდა – სტუდენტები ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენი ქვეყნების კანონმდებლობას, სასამართლო პრაქტიკას და ვაკეთებდით შედარებით ანალიზს. ჩემი აზრით, ეს არის უნიკალური პრაქტიკული ცოდნა, რომელსაც მხოლოდ მსგავს პროექტში ჩართულობით თუ მიიღებ.
მოხარული ვარ, რომ იბსუ ამგვარ მრავალფეროვან შესაძლებლობას გვაძლევს, უახლოეს მომავალშიც ვგეგმავ, მონაწილეობა მივიღო იბსუს გაცვლით პროგრამაში, რაშიც კოზმნსკის საზაფხულო სკოლის გამოცდილება აუცილებლად დამეხმარება.