მაკა სიხუაშვილი სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა Erasmus+ Exchange-ში ISAG-ში, Instituto Superior de Administração e Gestão, პორტოში, პორტუგალია.
IBSU და ISAG-ევროპის ბიზნეს სკოლის პარტნიორობის ფარგლებში, Erasmus+ პროგრამის მეშვეობით, მომეცა შესაძლებლობა, 2024/2025 წლის შემოდგომის სემესტრი გავატარო ქალაქ პორტოში, პორტუგალიაში.
IBSU-ში ჩაბარება ჩემთვის განსაკუთრებული ნაბიჯი აღმოჩნდა, რომელმაც არა მხოლოდ აკადემიური განვითარება უზრუნველყო, არამედ შესაძლებლობა მომცა, მონაწილეობა მიმეღო გაცვლით პროგრამაში, რომელიც ჩემი დიდი ხნის სურვილს წარმოადგენდა. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დახმარებითა და მხარდაჭერით, Erasmus+ პროგრამის ნაწილად ყოფნის პრივილეგია მივიღე.
ვაგრძელებ სწავლას ბიზნეს მენეჯმენტის მიმართულებით, სადაც მიმდინარე სემესტრის სასწავლო კურსები IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის თანხვედრაშია. პროგრამა წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს საერთაშორისო კონტაქტებისა და გლობალური ქსელის ჩამოყალიბებისთვის. მრავალფეროვან კულტურულ გარემოში ინტეგრაცია არა მხოლოდ ჩვენს უნარ-ჩვევებს ამყარებს, არამედ კარიერული გზის გაძლიერებასა და პროფესიული პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებაში გვეხმარება.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ამ პროცესს განსაკუთრებით ნაყოფიერად მივიჩნევ, რადგან ის გვაძლევს საშუალებას, უფრო ღრმად გავიგოთ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის მნიშვნელობა და ჩვენი ცოდნა ახალ დონეზე ავიყვანოთ. ამასთან, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას – შესაძლებლობა გვეძლევა, მსოფლიოს გავუზიაროთ საქართველოს შესახებ ინფორმაცია და წვლილი შევიტანოთ მისი საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებაში.
მჯერა, რომ პორტუგალიაში გატარებული დრო საინტერესო თავგადასავლებითა და ფასდაუდებელი გამოცდილებით იქნება სავსე. Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობა არა მხოლოდ აკადემიური წინსვლისთვის, არამედ პიროვნული ზრდისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავებისთვის შეუდარებელი შესაძლებლობაა!.