ლენტო ბალიაშვილი განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სტუდენტი მონაწილეობდა Mykolas Romeris University -ის Erasmus+გაცვლით პროგრამაში.
გამარჯობა, მე ლენტო ბალიაშვილი გახლავართ, IBSU-ს ინგლისურენოვანი საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატის სტუდენტი, ამჟამად კი Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამით ვიმყოფები ლიეტუვაში, ვილნიუსში და ვსწავლობ Mykolas Romeris University -ში სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტზე.
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ძალზე სასიხარულოა, როდესაც უნივერსიტეტი შიდა შერჩევითობის პრინციპით შენს კანდიდატურას ასახელებს, გაძლევს საშუალებას ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ისწავლო და საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო უცხოური ქვეყნის განათლების სისტემის გაცნობის კუთხით. Mykolas Romeris University -ში საოცრად ეფექტური მიდგომებითა და პროფესიონალიზმით, ლექტორებმა ჩემზე პირველივე ლექციებზე მოახდინეს წარუშლელი შთაბეჭდილება. ინტერკულტურული გარემო და სტუდენტები მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტიდან შესაძლებლობებისა და ხედვის ახალ სპექტრს ქმნიან. უნივერსიტეტი ასევე მაძლევს საშუალებას გავიარო სტაჟირების პროგრამა ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ ლიეტუვურ არასამთავრობო ორგანიზაციაში, Vilniaus Arkivyskupijos Caritas -ში, რომელიც უცხოელთა ინტეგრაციის ცენტრს წარმოადგენს და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან ინტენსიურ მუშაობას გულისხმობს, მათსავე თვითრეალიზებისათვის.
რაც შეეხება თავად ვილნიუსს, ქალაქი მართლაც საოცარია. სუფთა, თანამედროვე ქაოსური სამყაროსგან მოშორებული, ძალიან მწვანე და გოთური სტილით დატვირთული, რაც ისეთ განწყობას ქმნის, თითქოს საუკუნეების წინ გადაგისროლეს, თუმცა ამას ერწყმის ვილნიუსის ცენტრალური, საკმაოდ მოდერნული ნაწილიც, სადაც აშკარად იგრძნობა XXI საუკუნე და რომლის სტუმარიც საკმაოდ ხშირად ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად.
საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ გაცვლითმა პროგრამამ მომცა აბსოლუტური განტვირთვისა და ცხოვრების ახალ სტილთან შეგუების შესაძლებლობა. აქ დაგროვებული მოგონებები, ემოციები და გამოცდილება, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ გამომადგება ცხოვრების მანძილზე.”