ანი ქერაშვილი ბიზნესის სკოლის სტუდენტი მონაწილეობდა კოზმინსკის უნივერსიტეტის Erasmus+ გაცვლით პროგრამაში.
“მე ვარ ანი ქერაშვილი, 19 წლის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი. ახლა ვიმყოფები ვარშავაში, ერასმუს +ის გაცვლითი პროგრამით. ბედნიერი ვარ, რომ პანდემიის მიუხევადავად მომეცა შესაძლებლობა მესწავლა ევროპის ერთ-ერთ წამყვან კერძო უნივერსიტეტში, რომელიც პოლონეთის უნივერსიტეტების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.
იბსუში ჩარიცხვის დღიდან მქონდა მიზანი, რომ განათლება მიმეღო რომელიმე უცხო ქვეყნის უნივერსიტეტში, რის შესაძლებლობასაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გვაძლევს. 2020 წელს იბსუს მიერ გამოცხადებულ გაცვლით პროგრამაში პირველად მივიღე მონაწილეობა, მაღალი კონკურენციის მიუხედავად, წარმატებით გავიარე შესაბამისი ეტაპები და ახლა მეორე კურსის გაზაფხულის სემესტრს კოზმინსკის უნივერსიტეტში ვატარებ.
კოზმინსკის უნივესიტეტის სტუდენტური ცხოვრება მართლაც გამორჩეული და საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, უნივერსიტეტმა ჩემზე მაინც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ლექციების უმეტესობა პრაქტიკულ სამუშაოებზეა ორიენტირებული, რაც სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს და ეფექტურს ხდის. ლექტორები აქტიურად იყენებენ საბონუსე სისტემას, რომელიც საკმარისი ქულების დაგროვების საშუალებას იძლევა ფინალური გამოცდების ჩაბარების გარეშე. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ონლაინ გამოცდებისთვის არსებობს ცალკე პროგრამა, რომელიც მაქსიმალურად აკონტროლებს გამოცდის ეფექტურობას.
რაც შეეხება ზოგადად ქვეყანას, მინდა გითხრათ, რომ ზღაპრულ გარემოს ქმნის ის შენარჩუნებული ძველი იერსახე, რაც დედაქალაქს აქვს და ზუსტად გადმოსცემს პოლონეთის საუკუნოვან ისტორიას, რომელიც მომხიბვლელად ერწყმის ქვეყნის თანამედროვე არქიტექტურას. ვარშავაში დღითიდღე იხსნება კოვიდ შეზღუდვები და მეც ვცდილობ უკეთესად აღმოვაჩინო და შევიცნო ეს ქვეყანა, მოვინახულო სხვადასხვა მნიშვნელოვანი ადგილები, რაც მეტად დასამახსოვრებელს გახდის აქ ყოფნის პერიოდს. პანდემიის მიუხედავად გავიცანი უამრავი ადამიანი, ამ გზით შევიძინე უცხოელი მეგობრები, რომლებიც გამოირჩევიან ცოდნით და აზროვნებით. ისინი წარმოუდგენელად თავისუფლები და შრომისმოყვარეები არიან. მართლაც, არაფერია იმაზე საინტერესო, როცა სხვა ქვეყნის წარმომადგენელს ეცნობი და უზიარებ ინფორმაციას შენი კულტურისა და მნიშვნელოვანი გლობალური საკითხების შესახებ.
როდესაც უცხო ქვეყანაში მარტო რჩები, ხვდები უამრავ გამოწვევას და ამ დაბრკოლებების გადალახვა დამოუკიდებლად გიწევს, რაც ადამიანს, როგორც პიროვნებას, გზრდის და თავდაჯერებულობას გმატებს. კოზმინსკის უნივერსიტეტში სწავლამ სხვა ახალი და გრძელვადიანი მიზნები დამისახა და მომავალში მაქსიმალურად ვეცდები ვიზრუნო საკუთარი თავის განვითარებასა და ამ მიზნების მიღწევაზე.
დაბოლოს, მადლობა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვის და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გვერდით დგას.
პ.ს. აქვე ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ. კოზმინსკის უნივერსიტეტში გაცნობის კვირის ერთ-ერთი შეხვედრაზე ერთმანეთის უკეთ გასაცნობად, ყველას გვთხოვეს საკუთარი ქვეყნისა და ქალაქის დასახელება. სტუდენტებმა დაიწყეს მათი ქალაქების ჩამოთვლა, პარიზი, მილანი და ა.შ. ჩემი, როგორც ასაკით ყველაზე პატარა სდუდენტის, ჯერიც დადგა. მეც მხრებში გამართულმა ვთქვი, რომ ვიყავი საქართველოდან, ქალაქ წნორიდან. ამ ისტორიას ვყვები იმიტომ, რომ მინდა გჯეროდეთ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების, არ გაუშვათ არცერთი შანსი ხელიდან და აუცილებლად მიაღწევთ ყველაფერ იმას, რაც დღეს წარმოუდგენლად მიგაჩნიათ.
ვარშავაში გატარებული ეს თვეები საუკეთესო მოგონებად დარჩება ჩემს ცხოვრებაში.
დროებით, ანი.”