ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, დოქტორი ჰაიკო ჯონი მანიერო IBSU-ს ეწვია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა ირაკლი შამათავამ, საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ნინი ჩალაბაშვილთან და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანთან, მარიამ რაზმაძესთან ერთად პროფესორს, დოქტორ ჰაიკო ჯონი მანიეროს უმასპინძლა, რომელიც ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია და საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის წევრია. პროფესორი ჰაიკო ჯონი მანიერო აკადემიურ-სამეცნიერო საქმიანობას ეწევა ევროპის წამყვან ქვეყნებში. ამასთან, 2014 წლიდან, გერმანიაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სერტიფიცირებული ოფიცერია. ის წარმოადგენს ორგანიზაციას – Oikon accompanies companies and entrepreneurs worldwide.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გზები დასახეს; შედეგად, უახლოეს მომავალში გერმანელ პროფესორთან ერთად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იგეგმება საჯარო ლექციები და სემინარები პერსონალური მონაცემების დაცვის, მედიაციის სამართლის და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მიმართულებით. ამასთან, მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის ფორმატი დასახეს, რაც მემორანდუმების ხელმოწერასა და ორ ქვეყანას შორის სტუდენტთა ხელშემწყობი პროგრამების ამოქმედებას ითვალისწინებს.

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, ირაკლი შამათავამ ისაუბრა სკოლის სტრატეგიული განვითარების გრძელვადიან გეგმაზე. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც უცხოელ პარტნიორებთან მემორანდუმების გაფორმება, ისე გაცვლითი პროგრამების და “თანამედროვე სამართლის ჟურნალის” მოდიფიკაცია. შეხვედრის ბოლოს, მასპინძელმა მხარემ პროფესორ ჰაიკო ჯონი მანიეროს თანამედროვე სამართლის ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა შესთავაზა და პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.