ლიკა ყულჯანიშვილი განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სტუდენტი მონაწილეობდა The Global UGRAD-ის გაცვლით პროგრამაში

გაიცანით ლიკა ყულჯანიშვილი, IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი, რომელიც გაცვლითი პროგრამით  ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისურის სენტ-ლუისის უნივერსიტეტში სწავლობდა.

GlobalUGRAD2024-ის გაცვლითმა პროგრამამ საოცარი შესაძლებლობა მომცა, რომ აშშ-ში, მისურის სენტ-ლუისის უნივერსიტეტში მესწავლა. პროგრამა, რომელსაც სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ეხმარება ბაკალავრიატის სტუდენტებს აშშ-ში ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ.

ამერიკაში პოლიტიკის მეცნიერების სწავლა და ყველა აკადემიურ გამოწვევასთან გამკლავება რთული იქნებოდა IBSU-ს და განსაკუთრებით, ზოგიერთი ჩემი პროფესორის მხარდაჭერის გარეშე. IBSU-ში საერთაშორისო დონის განათლების მიღება ნამდვილად დამეხმარა ჩემს მასპინძელ უნივერსიტეტში მაღალ აკადემიური მოსწრებაში.

გარდა მაღალი აკადემიური მოსწრებისა, მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი რადიო გადაცემის წამყვანი, ჩავატარე პოდკასტი საქართველოს შესახებ და მოკრძალებული წვლილი შევიტანე შეერთებულ შტატებში ქართული კულტურის, ენისა და ტრადიციების გავრცელებაში.

გარდა ამისა, ვეხმარებოდი ჩემს უცხოელ ხელმძღვანელს  აშშ-ს საგადასახადო პროტოკოლთან დაკავშირებული სემინარების ჩატარებაში, აგრეთვე ვეხმარებოდი არარეზიდენტ საერთაშორისო სტუდენტებს საგადასახადო საკითხებში გარკვევაში. ეს რამდენიმე თვე მართლაც გარდამტეხი იყო ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში.

პროგრამა #UGRAD ჩემთვის ყოველთვის დარჩება ცხოვრების იმ ეტაპად, რომლის ფარგლებშიც 20 წლის ასაკში ვიმოგზაურე აშშ-ს შვიდ შტატში, გავიცანი ბევრი ადამიანი და მათი კულტურა და ამავდროულად, დიდი ინტერესით ვსწავლობდი ამერიკულ და მსოფლიო პოლიტიკას.”