ეკა სულიკაშვილი განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სტუდენტი მონაწილეობდა Amsterdam University of Applied Sciences-ის Erasmus+გაცვლით პროგრამაში

გამარჯობა, მე ეკა სულიკაშვილი ვარ, IBSU-ს ინგლისურენოვანი საერთაშორისო ურთიერთობების III კურსის სტუდენტი. ამჟამად, Erasmus+ გაცვლითი პროგრამით Amsterdam University of Applied Sciences-ში ვიმყოფები.
ბავშვობიდან მინდოდა საზღვარგარეთ სწავლა და ძალიან მახარებს, რომ უნივერსიტეტმა მე ამარჩია. სკოლის პერიოდიდან ვცდილობდი ამ მიზნისკენ სწრაფვას. პირველი ნაბიჯი სკოლის ოქროს მედალზე დასრულება გახლდათ, შემდეგ ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული გრანტი. საბოლოოდ კი, უნივერსიტეტის სწორად შერჩევა. განათლების ინგლისურ ენაზე მიღება ჩემთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და შესაბამისად, არჩევანი IBSU-ზე შევაჩერე. აქ ჩემი ოცნება რეალობად იქცა და საშუალება მომეცა სტიპენდიის მოპოვებასთან ერთად, სრულიად უფასოდ ვისწავლო ამსტერდამში.
ჩამოსვლის პირველი წამიდან დავრწმუნდი, რომ შრომას ყოველთვის მოაქვს სასურველი შედეგი. ამსტერდამის უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება და შეძენილი მოგონებები სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში. პროექტების მეშვეობით შევხვდი უამრავ ადამიანს სხვადასხვა კულტურიდან და მივიღე მათთან მუშაობის გამოცდილება. აქ შეძენილი გამოცდილება კი, მომცემს იმას, რაც აუცილებლად დამეხმარება გავუმკლავდე ახალ გამოწვევებს მომავალში. აქ ყოფნის მხოლოდ ორი თვის მანძილზე მე უკვე მაქვს ნიუ-იორკის, როკლენდისა და კოლუმბიის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გამოცდილება. გარდა ამისა, გაცვლითმა პროგრამამ მომცა შესაძლებლობა მომენახულებინა უამრავი კულტურული თუ ისტორიული ძეგლი ნიდერლანდებისა და ევროპის მასშტაბით.