ლუკა ანჯაფარიძე ბიზნესის სკოლის სტუდენტი მონაწილეობდა Amsterdam University of Applied Sciences-ის ერასმუს+ გაცვლით პროგრამაში..
“სასიამოვნოდ მახსენდება I კურსზე ამსტერდამიდან მოწვეული ლექტორების ოთხდღიანი ტრენინგი ნეირო მარკეტინგში, რომელზე დასწრების შემდგომ საკუთარ თავს დავაჯერე, რომ რამდენიმე წელიწადში სწორედ ამ უნივერსიტეტში ვისწავლიდი გაცვლითი პროგრამით.
და უკვე ორი თვეა, რაც ამსტერდამში ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რასაც ველოდი, იმაზე საინტერესოდ მიდის ყველაფერი. ჩემი აზრით, ეს არის ქალაქი, სადაც ყველა ტიპის ადამიანი იპოვის საკუთარ თავს. პირადად მე ჯერჯერობით ვერ ვნახე ისეთი ადგილი ქალაქში, რომელიც არ მომწონს. ადგილობრივებიც საკმაოდ სტუმართმოყვარეები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგებენ, რომ სტუდენტი ხარ და სასწავლებლად ხარ ჩამოსული. განათლებას ამ ქვეყანაში ძალიან აფასებენ.
უნივერსიტეტში ყველაზე მეტად მომწონს მულტიკულტურულობა. ლექციები საკმაოდ საინტერესოა, სწავლა მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა მასალის ყოველკვირეული მომზადებით ყველაფერი გაცილებით მარტივდება.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არჩევანმა, რის გამოც სამი წლის წინ ეს უნივერსიტეტი ავირჩიე, გაამართლა. იმ გამოცდილებას, რასაც აქ ვიღებ, სწორედ შავი ზღვის უნივერსიტეტის დამსახურებაა. თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ და ვერ გადაგიწყვეტიათ, მიიღოთ თუ არა მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში, გეტყვით, რომ მსგავსი შესაძლებლობები ცხოვრებაში რამდენიმე გექნებათ და მათი გამოყენება აუცილებელია, რადგან ეს არის საუკეთესო შანსი, გაიცნოთ ახალი ადამიანები, მიიღოთ დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება და შექმნათ უამრავი მოგონება, რომელიც ცხოვრების ბოლომდე დაგრჩებათ.”